თინა ხიდაშელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ევროპელი ლიბერალების სახელით გამოვიდა და საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნა მოითხოვა.
საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სანქციის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელი და გაუგებარი იყო.
„ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში რეალობა უფრო დრამატულად და ნათლად გამოჩნდა. ამ კვირაში მოგვიწევს, კენჭი ვუყაროთ იმ ადამიანებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას, ვინც წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნების ოკუპაციას აძლევდა ხმას, მათ შორის საქართველოს და მოლდოვას ოკუპაციას, ვინც მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი ქვეყნის, უკრაინის, ნაწილის ანექსიას. იმედს ვიტოვებ, ასამბლეა არ უღალატებს იმ ფუნდამენტს და ფილოსოფიას, რომელზეც ეს ორგანიზაცია შეიქმნა და კენჭისყრა რუსეთის დელეგაციისთვის ნეგატიურად დასრულდება."- განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს პარლამენტის წევრის სიტყვით გამოსვლის პასუხად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წარმომადგენელმა, ნატაშა ვუჩკოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნის საკითხის განხილვას ბიურო შემდეგ სხდომაზე დაუბრუნდება.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ევროპარლამენტარებმა 9 და 10 აპრილს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისა და რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.