საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვილნიუსში, იტალიის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოს და იტალიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს, ლაურა ბოლდრინის შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, მათ შორის, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო. იტალიის სენატის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული მისწრაფების მხარდაჭერა გამოხატა.
,,დარწმუნებული ვარ საქართველო აღიქმება, როგორც ევროკავშირის მოკავშირე ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში", - განაცხადა პიეტრო გრასომ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა იტალიის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
„იტალიის პარლამენტის თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ მალე ეწვევა საქართველოს. ეს იქნება პირველი ვიზიტი იტალიის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან საქართველოში. ჩვენ შევთანხმდით ასევე, რომ პარლამენტებში მეგობრობის ჯგუფები ძალიან ახლო კონტაქტებს დაამყარებენ. იტალიას და საქართველოს ბევრი აქვს საერთო და მათი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.