,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას არარეალისტურს უწოდებს და აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების მთავარი საზრუნავი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ანალიზი, შესწავლა უნდა იყოს და არა ოპონენტების დევნის გაგრძელება.
,,ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებებს ზოგადად თუ სერიოზულად მოვეპყრობით, მისი განცხადება აგრძელებს იმ ხაზს, რომ საქართველოში ყველა პრობლემის სათავედ ხელისუფლება ცდილობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოცხადოს. მაშინ როცა აბსოლუტურად ყველა სადავე პრობლემების მოსაგვარებლად როგორიც არის ეკონომიკური ვარდნა, დასაქმების საკითხები, ის პრობლემები რაც მოსახლეობას აწუხებს, ხელისუფლების ხელშია. ამიტომ ისინი დაკავებული უნდა იყვნენ არა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პროპაგანდით, არამედ ხალხის საჭიროებებზე მუშაობით. ვფიქრობ, საქართველოს ძალოვანი უწყებების მთავარი საზრუნავი წესით უნდა იყოს იმ საფრთხეების ანალიზი, შესაბამისი მოქმედება რაც რუსეთიდან მომდინარეობს. დღეს ყველა ძალოვანი სტრუქტურა კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს, რათა მომზადებული შევხვდეთ იმ შესაძლო აგრესიას რაც შესაძლოა რუსეთიდან წამოვიდეს. ამიტომ ძალოვანი სტრუქტურები ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ და არა იმაზე რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნის ხაზი რაც გამოკვეთილია ბიძინა ივანიშვილია და ირაკლი ღარიბბაშვილის ხელისუფლებაში გააგრძელონ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე „პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაციები, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება.