,,ნაცმოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე შს მინისტრის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. როგორც საკითხის კომენტირებისას ბარამიძემ განაცხადა პარტია არასოდეს მიიღებს მონაწილეობას შეიარაღებულ პროცესებში ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.
"ნათელია, რომ ძალიან არასერიოზული განცხადებაა, თუ სადმე რაიმე უკანონობა ხდება, უნდა მიხედონ ამ უკანონობას და არა აპატიმრებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებსა და ჩვენი პარტიის აქტივისტებს. მე პირადად, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, არასოდეს მივიღებ არანაირ შეიარაღებულ პროცესებში მონაწილეობას ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ და არც ერთი ხელისუფლებისთვის არ ღირს ბრძოლა შეიარაღებული და კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით. ამას ვამბობდით, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით და ვამბობთ დღესაც", - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გაზეთ „პრაიმ ტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაციები, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. ჭიკაიძე აღნიშნავს, რომ ის რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე, რაც მინისტრის თქმით, საქართველოში არ შეიმჩნევა.