საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მისიის მიზანია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) საკანონმდებლო ფაზის შესრულების შეფასება მესამე ბლოკის (საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება) მიხედვით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირის ექსპერტთა წინასწარი დასკვნების საფუძველზე შეჯამდა განვლილი სამუშაო და საქართველოს საკანონმდებლო რეფორმები პოზიტიურად იქნა შეფასებული. ხაზი გაესვა, რომ სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის მესამე ბლოკით განსაზღვრულ სფეროებში საქართველოში არის გამართული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან.
მისიის შედეგების შესახებ ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში, რაც მეტად მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებისა და იმპლემენტაციის მეორე ფაზაზე გადასვლისათვის.