პარლამენტის წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს საპარლამენტო უმრალავსობის წევრი ოთარ ჩრდილელი ეხმიანება და მოხმდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. იგი იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები დროულად და ეფექტურად გამოიძიებენ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას.
„მინდა შეშფოთება გამოვთქვა, პარლამენტის წევრის, ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე. აღნიშნული ქმედება მიმართულია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების ხელოვნურად შეჩერებისთვის, მავანთ სურთ თავიანთი დესტრუქციული ქმედებით დაგვაბრუნონ უახლოეს წარსულში, რომლის ერთ-ერთი იდეოლოგი, ბატონი ნუგზარ წიკლაური გახლდათ. მჯერა ჩვენი ქვეყნის მომავლისა, 2012 წლის 1ოქტომბერს, საერთო-სახალხო ძალისხმევით, საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხრა იმ რეჟიმს სადაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, იქმნებოდა მოდერნიზებული პროსკრიპციები, სადაც ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანთა დასჯა, თითქმის დეციმაციის დონეზე იყო აყვანილი, ხოლო პატიმართა მიმართ- ყოფილი ხელისუფლების სისტემური აგრესია ყველამ თვალნათლივ ვიხილეთ. ჩვენი სამშობლო ეტაპობრივად უახლოვდება ევროპულ სახლს, საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ისწრაფვის ევროპული ფასეულობებისაკენ- დემოკრატია, პლურალიზმი, განსხვავებული აზრის ღიად გამოთქმა, მასმედიის სრული დამოუკიდებლობა", - აცხადებს ჩრდილელი.
პარლამენტარი იმედს გამთქვამს, რომ სამართალდამცავები მომხდარზე სატანადო რეაგირებას მოახდენენ.
„იმედს გამოვთქვამ, რომ სამართალდამცავები დროულად და ეფექტურად გამოიძიებენ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს და აღნიშნული ინციდენტის მონაწილეები, მიიღებენ საკადრის სასჯელს", - აცხადებს ჩრდილელი.
მასალის გამოყენების პირობები