საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა და იმას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტი მოაწერს მას ხელს თუ პრემიერ-მინისტრი. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა "პოზიციაში" სტუმრობისას გააკეთა.
"რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, ამის თაობაზე მსჯელობას რამდენჯერმე მოვკარი თვალი და შთაბეჭდილება მრჩება თუ როგორ წელში გამართულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ კამათი არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს. ძალიან მშვიდი და სწორი კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა. მე მივიღე და გავიზიარე მისი ეს კომენტარი, რომ რა დროს ამაზე ლაპარაკია. ღარიბაშვილის ეს მშვიდი და სწორი კომენტარი არავისთვის ყოფილა საინტერესო. საინტერესო იყო დებატები ამ თემაზე. ოღონდ ეს ხელშეკრულება შედგეს და ვინ მოაწერს ხელს, მე ვიქნები თუ მთავრობა, მოაწეროს. ხშირად მე ვხედავ კამპანიებს, რომლებიც იწყება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ერთი თემა ეხებოდა მოქალაქეობის შესახებ კანონს. ეს თემები არ არის წინააღმდეგობის საკითხები ჩემსა და მთავრობას შორის. ნებისმიერი კორესპონდენცია, რომელიც იგზავნება მთავრობაში ან პარლამენტში და თუ მათგან ნებისმიერს ავიღებთ და შევხედავთ, რომ ეს არის წინააღმდეგობა და ეს არის კონფლიქტი, ყველაფერში შეიძლება ასეთი აქცენტი ჩადო. ეს არის მუშა პროცესი. ამაში არავითარი ინტრიგა არ იდო", - აცხადებს პრეზიდენტი.