საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროს მიერ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას ეხმიანება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფანჯიკიძემ განაცხადა რეზოლუციები ადგილზე ვერაფერს ცვლის, თუმცა პოლიტიკურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,მინდა გითხრათ რომ სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა, რომ რეზოლუციას მხოლოდ ასმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეს ძალიან სერიოზული რიცხვია მაგრამ 58 ქვეყნის მიერ თავის შეკავება ცოტა გასაკვირი იყო. მოგეხსენებათ 11 ქვეყანა წინააღმდეგი იყო მათ შორის არიან ის ქვეყნები, რომლებიც მაგალითად აღიარებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. რეზოლუციები ადგილზე ვერაფერს ვერ ცვლის, მაგრამ პოლიტიკურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს და საერთაშორისო კონსოლიდირებულ მხარდაჭერას აქვს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმების უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც 16 მარტს ყირიმში გამართულ რეფერენდუმს უკანონოდ აღიარებს. რეზოლუციაში არის მოწოდება ვითარების მშვიდობიანად დასარეგულირებლად.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 100-მა სახელმწიფომ, 58-მა თავი შეუკავა და რუსეთმა და 10 სახელმწიფომ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს.
რუსეთს მხარი დაუჭირეს - სომხეთმა, ბელორუსმა, ბოლივიამ, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ და ზიმბვაბემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი დეშიცას განცხადებით, უკრაინა იღებს მხარდაჭერას მსოფლიოს ყველა ნაწილიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში არა რეგიონული, არამედ გლობალური პრობლემებია.