მთავარი პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე არგამოცხადებასთან დაკავშირებითის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთვაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2014 წლის 27 მარტს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის კანონის დარღვევით შეწყალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ უკანასკნელმა მასმედიის საშუალებებით საჯარო გამოსვლებისას დააფიქსირა, რომ არ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას დაკითხვაზე და მართლაც არ გამოცხადდა დათქმულ დროს მთავარ პროკურატურაში.
მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საზოგადოების და დასაკითხი პირის სრულად ინფორმირების მიზნით წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება დგას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე. აღნიშნულ საქმეებზე პროკურატურა აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან მოყოლებული და მათზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული არიან მოწმეები, მიმდინარეობს ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები და ამ დროისთვის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მ.სააკაშვილის სტატუსიდან გამომდინარე, ხსენებულ საქმეებზე გამოძიება მთავარი პროკურატურის ხელძღვანელობის კოორდინაციის ქვეშ მიმდინარეობს დაშესაბამისად, ვინაიდან ის არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მისი მოწმის სახით დაბარება-დაკითხვას, რომ არ მიეღო სისტემატური და დროში გაწელილი ხასიათი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე, მომხდარიყო მისი ერთდროულად ინფორმირება რამოდენიმე საქმეზე დაკითხვის აუცილებლობაზე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლებში ისაუბრა მისი შესაძლო დაკავების საფრთხეებზეც, რის გამოც იგი თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისაგან. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა გამოძიების ამ ეტაპზე ემსახურება მისი განმარტებების მიღებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად და არა მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელებას და დაკავებას. რაც შეეხება თვით საქმეებს, მათზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის დადგენის შემთხვევაში პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
ვითვალისწინებთ რა ძიებაში მყოფი საქმეების დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ სტატუსს და გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის მისი, როგორც კარგად ინფორმირებული მოწმის, ჩვენებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, skype) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას. ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთ კვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი", _ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა.
პრკურატურის ინფრმაციით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით.
"ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა აღნიშნულ საქმეებზეც. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:
2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია ,,იმედში'' შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;
2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზე"-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;
2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის" ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;
2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს „აგრომეტი"-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე.
2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თ.ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს „ბეზეკზე" უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე.
2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.
2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით „ქართუ" ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე".
მასალის გამოყენების პირობები