ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ,,მოამბესთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული ისინი უნდა გასამართლდნენ და ეს ნორმალურია ყველა ქვეყანაში.
,,პირველი რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ეს სიმართლეა- საქართველომ უნდა გადაწყვიტოს საგამოძიებო პროცესები. გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ საქართველომ საკმარისად წაიწია წინ კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯისთვის ნატოსკენ გზაზე და ვფიქრობ, ამაზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და ავიცილოთ თავიდან შერჩევითი სამართლის აღქმა. მართალია, საქართველოს მთავრობა იყო ძალიან გამჭვირვალე, ძალიან ბევრი იმუშავა და ხსნიდა, თუ რას აკეთებდა და ის შეშფოთება, რაც გვქონდა ბევრს საკითხზე წარსულში, გათვალისწინებულია. თქვენ გესმოდათ ნაკლები კრიტიკა და ამ თემებზე ნაკლები შეშფოთება. ამიტომ, მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რომ გვაჩვენონ ეს ყველაფერი კარგად. თუ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული ისინი უნდა გასამართლდნენ, ეს ნორმალურია ყველა ქვეყანაში", _განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს.
,,გამჭვირვალობა არის ერთი, აღქმა - მეორე. გამჭვირვალობამ შეიძლება აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სისტემა ეფუძნება კანონს, კანონი მუშაობს. ჩემი საქმე არ არის კომენტარი გავაკეთო სამართლებრივ პროცესებზე, მაგალითად, ჩემს ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა, ვერც მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ვერც ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ჩვენ გვყავდა მაგალითად მინისტრები, რომლებსაც წარსულში გარკვეული სიძნელეები ჰქონდათ არამიზნობრივად თანხების დახარჯვაზე და მსგავსი საკითხებიც ყოფილა. ყველა ქვეყანაში ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს, ეს აბსოლუტური სიმართლეა", - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.