დიდი წუხილით უნდა ვთქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად აქვს შანსი, ეს უსუსური ხელისუფლება მართლაც გაწიოს ხელისუფლებიდან და თავად დაიკავოს მისი ადგილი, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "პოლიტიკის დროში".
"ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ამდენს ბედავს, ის, რომ სააკაშვილი თითს გვიქნევს და გვეუბნება, იმაზე მალე დაბრუნდება ქვეყანაში, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, არის "ქართული ოცნების" ბრალი და დიდი წუხილით უნდა ვთქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად აქვს შანსი, ეს უსუსური ხელისუფლება მართლაც გაწიოს ხელისუფლებიდან და თავად დაიკავოს მისი ადგილი. ამის შანსი ყოველდღიურად იზრდება. უსუსურობას ვუწოდებ იმას, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში, იმის ნაცვლად, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალა აკრძალულიყო, ციხეში ჩამჯდარიყვნენ ის ადამიანები, ვისაც კონკრეტული დანაშაულებები აქვს წარდგენილი, ჩვენ დავინახეთ მხოლოდ ის, რომ სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხავენ. მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ ბრალის წარდგენას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ექსპერიმენტები უნდა ჩავატაროთ? სწორედაც, რომ ბრალი უნდა წარდგენილიყო იმ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებსაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი", - განაცხადა ბურჯანაძემ.