გლობალური ეკონომიკური ზრდის დამატებით გაუმჯობესება 2014-15 წლებში, მეტწილად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის გაჯანსაღების ხარჯზეა მოსალოდნელი. როგორც სებ-ის ყოველკვარტალურ „ინფლაციის მიმოხილვაშია" აღნიშნული, მსოფლიო ეკონომიკური აქტივობა 2013 წლის მეორე ნახევარში გაჯანსაღებით გამოირჩეოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგნოზით, გლობალური ზრდა 2014 წელს
დაახლოებით 3.7%-ს, ხოლო 2015 წელს 3.9%-ს მიაღწევს.
თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკაში ზრდის შემცირებული პროგნოზები ხაზს უსვამს არსებულ დისბალანსს.
განვითარებულ ქვეყნებში ერთობლივი გამოშვება კვლავაც ჩამორჩება მის ბუნებრივ დონეს, რაც იწვევს შერბილებული მონეტარული პოლიტიკისა და ფისკალური კონსოლიდაციის შენარჩუნებას. რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, გაძლიერებული მოთხოვნა განვითარებული ქვეყნებიდან ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ ზრდას, თუმცა, შიდა რისკები მაინც პრობლემად რჩება. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საჭიროება, რომ აღმოიფხვრას ხარვეზები, რომელიც ასოცირდება შესუსტებულ საკრედიტო ხარისხსა და კაპიტალის გადინებასთან. აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2014 წელს 2.8%-ს შეადგენს, რაც აღემატება 2013 წლის 1.9%-იან მაჩვენებელს. 2013 წლის მეორე ნახევრიდან მარაგებზე გაზრდილ მოთხოვნას დაემატება მთლიანი შიდა მოთხოვნის გაუმჯობესება 2014 წელს (სსფ-ის პროგნოზით), რაც გამოწვეულია ფისკალური ტვირთის შემსუბუქებით უკანასკნელ პერიოდში მიღწეული შეთანხმების თანახმად. მაგრამ აღნიშნული შეთანხმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ ფისკალური პოზიცია მომავალ წელს უფრო კონსოლიდირებული იქნება და მიმდინარე პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2015 წელს 3%-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები