საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც შედგა რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, - ნათქვამია სამინიტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა წარმოადგენს როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საწყის პოზიციებზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არსებული მდგომარეობის გადაჭრის გზების მოძიების საკითხში, - აცხადებს საგარეო უწყება.