დღეს, 18 მარტს, 13:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭო და ვატო წერეთელი სამხატვრო აკადემიაში აწყობენ გამოფენას "ცარიელი სივრცე".
მათი განცხადებით, გამოფენა "ცარიელი სივრცე" წარმოადგენს ხელოვანებს, რომელთაც აინტერესებთ სხვადასხვა ფორმატი და ინტერკულტურული გადაკვეთები, ან ერთი კონკრეტული მედიუმით მუშაობენ.
"ნამუშევრები აჩვენებენ პოეზიის კავშირებს ვიზუალურ ხელოვნებსათან, ზოგჯერ პოეზიისა და მხატვრობის თანაარსებობას, ან უკიდურეს დისტანციას მათ შორის. გიორგი კეკელიძე პოეტია და მისის სივრცე სიტყვის განზომილებაა; მამუკა ჯაფარიძე და კოტე მინდაძე არიან მხატვრები, რომელთა ნამუშევრებში ტექსტი და ვიზუალური გამოსახულება ხშირად თანაარსებობენ; დიმა დადიანისთვის სიტყვის მნიშვნელობა და მისი გარითმვა მუსიკალური კონტექსტის შემავსებელია; დათო ჩიხლაძე არის პოეტიცა და პერფორმერიც; ვატო წერეთლის ვიზუალურ ნამუშევრებში სიტყვა არასდროს ფიგურირებს", _ აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
მათი განცხადებით, გამოფენის მონაწილეები იზიარებენ აზრს, რომ ბევრი სივრცე შეიძლება შეივსოს არტით, მატერიალურით და იმატერიალურით, ეგზისტენციალური და მხატვრული გამოცდილებით, თავგადასავლითა და შეხვედრებით, ადამიანური ისტორიებითა და სპონტანური განვითარებებით.
"ცარიელ სივრცეში შეიძლება ერთი მედიუმი მეორეს შეხვდეს და ინფორმაცია სხვადასხვა ფორმატით გადმოიცეს: ვიზუალური გამოსახულება იქცეს ბგერად და მუსიკად, სიტყვების თამაშით სივრცობრივი სტრუქტურა აეწყოს, არავერბალური პროცესი ძალიან კონკრეტულ იმიჯად იქცეს. საბოლოოდ მოეწყოს კიდევ ერთი საინტერესო არტმოვლენა პოზიტიური ენერგიითა და ცოცხალი კომუნიკაციით", _ აცხადებენ ისინი.
უნდა აღინიშნოს რომ თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებსაც ექნებათ საშუალება იხილონ ამ პროექტის ერთი ნაწილი: ესაა მამუკა ჯაფარიძის ვიდეოინსტალაცია, რომელიც ნაჩვენები იქნება მეტროპოლიტენის სადგურებში დამონტაჟებულ მონიტორებზე.
"ეს პროექტი არის სურვილი სიტყვების, კერძოდ პოეზიის, მეშევეობით შევაღწიოთ საზოგადოებრივ სივრცეში და მხილველებს საშუალება მივცეთ პოეზიის ნიმუშებს ვიზუალური ხელოვნების მეშევეობით გაეცნონ. ასევე გვინდა პოეზიას შევმატოთ ახალი აუდიტორია, რომელსაც მის მიმართ ინტერესი ტრადიციულმა არხებმა ვერ გაუჩინა. შემოქმედებითი თანამშრომლობა არის ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა ხელოვნების სფეროში რომლის მიზანია ხელოვანებს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო მასშტაბით. პროგრამის მიზანია ევროპასა და მის მეზობელ ქვეყნებში კულტურული ცხოვრების გამდიდრება, ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების განვითარება დიალოგისა და დისკუსიების საშუალებით", _ აცხადებენ ისინი.