ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვერ დაამტკიცეს გეგმა კიევისთვის გამოყოფილი სესხის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ბრიუსელის სამიტზე, რუსეთის გაყინული აქტივებიდან (დაახლოებით 190 მილიარდი ევრო) მიღებული თანხების უკრაინისთვის დიდი სესხის დასაფინანსებლად გამოყენების წინადადებას ბელგიის წინააღმდეგობა შეხვდა. ბელგიის პოზიცია გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რადგან 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დასაფინანსებლად გამოსაყენებელი აქტივები ბელგიურ ფინანსურ ინსტიტუტში, Euroclear-ში, ინახება.
Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა საკითხის განხილვა დეკემბრამდე გადადეს, რითაც უკრაინის მთავრობას 2026 წლის დასაწყისში დაფინანსების მიღების იმედი გაუცრუეს.
„ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერებმა (უნგრეთმა თავი შეიკავა) ევროკომისიას სთხოვეს, „რაც შეიძლება მალე წარმოედგინა ფინანსური დახმარების ვარიანტები უკრაინის ფინანსური საჭიროებების შეფასების საფუძველზე“, თუმცა ოფიციალურად არ დაუჭირეს მხარი რუსული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემას,“ - წერს გამოცემა.
„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინას სრული ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ 2026 და 2027 წლებში მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს „ტექნიკური საკითხები“, რომლებიც გადასაჭრელია.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სჭირდება აბსოლუტური სიცხადე ასეთი ნაბიჯის სამართლებრივი საფუძვლისა და ევროსთვის პოტენციური რისკების შესახებ, ასევე სხვა ქვეყნებისგან გარანტიები, რომ საჭიროების შემთხვევაში თანხის დაბრუნება შესაძლებელი იქნება.
ევროკავშირის ლიდერები საკითხს დეკემბერში დაუბრუნდებიან.