ხვალ, 26 ოქტომბერს, პარტია „თავისუფლება" პარლამენტის კანცელარიაში შესაბამის განაცხადს შეიტანს, რომელიც ამავე პარტიის ლიდერის _ კონსტანტინე გამსახურდიას სადეპუტატო მანდატის აღდგენას შეეხება.
კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლა შესაძლებელი გახადა პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა. ეს ცვლილებები პროპორციული წესით არჩეულ თერთმეთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომლებმაც 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მოტივით უარი თქვეს სადეპუტატო მანდატზე, 2009 წლისბოლომდე პარლამენტში დაბრუნების შანსს აძლევს.
განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სახელზე დაიწერება. კონსტანტინე გამსახურდია მისგან 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატის აღდგენას ითხოვს, რომელზეც მან, თავის დროზე დანარჩენ 11 კანდიდატთან ერთად, უარი განაცხადა.
კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში აქტიურ ჩართვას გეგმავს, თუმცა კომისიის თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს.
"კომისიის შექმნას მივესალმები და მის მუშაობაში აქტიურად ჩავერთვები. პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ სერიოზული გამოძიება ჩატარდება და სერიოზული შედეგები დაიდება. მე, როგორც შვილს და როგორც საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მაინტერესებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზები და ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გამსახურდიამ.