ცნობილი გერმანული ლიტერატურული ჟურნალის, „მატრიქსის" წლევანდელი, 2014 წლის პირველი ნომრის მთავარი თემა, რუბრიკით „მსოფლიო და მისი პოეტები", დათო ბარბაქაძეა. გამოცემა თითქმის მთლიანად ეძღვნება ქართველი ავტორის შემოქმედებას, ასევე - მასზე დაწერილ გერმანულ და ინგლისურენოვან სტატიებს.
მკითხველი გაეცნობა მწერალთან ვრცელ ინტერვიუს, რომელშიც დათო ბარბაქაძე მსჯელობს ლიტერატურისა და ფილოსოფიის, პოეზიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართებაზე, საკუთარ ლიტერატურულ თემებსა და პოეტიკაზე, ქართული სოციალურ კონტექსტსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე. ჟურნალში ქვეყნდება ავტორის ცნობილი ტექსტის „ტრფობა წამებულთა" კონცეპტუალური თარგმანიც. განსხვავებით ტექსტის იმ თარგმანისგან, რომელიც ორი წლის წინ ბერლინში ცალკე წიგნად გამოიცა, წინამდებარე თარგმანში მოქმედ გმირთა საქართველოში გავრცელებული სახელები გერმანიაში გავრცელებული სახელებითაა ჩანაცვლებული, რაც გერმანულენოვან მკითხველს პერსონაჟთა ლაბირინთში გზის გაკვლევისა და ნაწარმოების უფრო კომფორტულად წაკითხვის შესაძლებლობას სთავაზობს. ტექსტს ერთვის ავტორის თეორიული განმარტებები.
ჟურნალში ასევე იბეჭდება დათო ბარბაქაძის ერთი დაშიფრული ლექსი, ხოლო ავტორის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, რომლითაც იხსნება ნომერი, განმარტებულია ბოლო წლების ლიტერატურულ სივრცეში ასეთი უჩვეულო ფორმით მისი წიგნების და ცალკეული პოეტური პუბლიკაციების გამოჩენის მიზეზები და ფილოსოფია. ჟურნალში წარმოდგენილი კიდევ ერთი დაშიფრული ტექსტი ინგლისურ ენაზე ქართველი ავტორის პოეზიის მთარგმნელს, ლინ კოფინს ეკუთვნის და ის სწორედ დათო ბარბაქაძის დაშიფრულ პოეზიას ეძღვნება.
ტრადიციული გრაფიკული ფორმატითაა წარმოდგენილი გერმანელი პოეტის ლუდვიგ ლეგეს ლექსი, ასევე მიძღვნილი ნომრის ავტორისადმი. აქვე თვით დათო ბარბაქაძის რამდენიმე ადრეული ვრცელი ლექსის თარგმანებიცაა წარმოდგენილი (შესრულებული გერმანელი პოეტებისა და მთარგმნელების მიერ).
აღსანიშნავია, რომ ჟურნალის აქტუალური ნომერი ლაიპციგის წიგნის ფესტივლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა და იგი იმთავითვე სწორედ მარტის შუა რიცხვებში გერმანიაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მერე თავისი მასშტაბით რიგით მეორე ამ თავყრილობაზე წარსადგენად იყო გამიზნული.
აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანულენოვანი ლიტერატურული პერიოდიკის ფოკუსში ქართველი ავტორის მოხვედრამდე ჟურნალ „მატრიქსის" თემატური ნომრები, სხვადასხვა დროს, მიეძღვნა უკვე აღიარებულ ისეთ ევროპელ ავტორებს, როგორებიც არიან, მაგალითად, პაულ ცელანი, ჰერტა მიულერი, დიტერ შლეზაკი, თომას ბერნჰარდი და ფრიდერიკე მაირიოკერი.
როგორც დათო ბარბაქაძემ განაცხადა, მისთვის ამ ევროპული პრეზენტაციის ყველაზე ძვირფასი დეტალი მაინც ის არის, რომ ჟურნალმა მისი კანდიდატურა თავად შეარჩია გერმანულენოვან სივრცეში გამოცემული მისი წიგნებისა და ევროპელ ლიტერატორთა შეფასებების საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააყენა საქმის კურსში თავად ავტორი.