პარლამენტის ბიუროს სხდომის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
,,მინდა დავაფიქსირო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტის და ევროკავშირში სწრაფვის მიმართ. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა მიმართავს ყველა ზომას იმისთვის, რომ დაცული იყო ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი მზად არის კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და ევროინტეგრაციაში სწრაფვის მიმართ.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი თევდორაძემ ბიუროს წინადადებით მიმართა, რათა პარლამენტმა საგანგებო სხდომის რეჟიმში რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ პარლამენტის რეზოლუცია მიიღოს, რომლის პროექტიც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი იყო.
ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომრემ, დავით ბერძენიშვილმა ბიუროს წევრებს შესთავაზა, რომ პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება პლენარული სხდომის ფორმატში მიიღოს, რომელიც ხვალ გაიმართება.
ბიურომ მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითხის ხვალინდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას.
ბიურომ დღევანდელ სხდომაზე 5-7 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
განსახილველ საკითხთა შორისაა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" (II მოსმენა) და კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (III მოსმენა).