ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) 2013 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის (Economic Freedom of the World, 2013) მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით 16 საფეხურით დაწინაურდა და 152 ქვეყანას შორის 25 ადგილზე (7,61 ქულით) იმყოფება.
ფრეზერის ინსტიტუტის 2013 წლის ანგარიში ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 2011 წლის მონაცემებით ითვლის. 2013 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველოს პოზიცია 5-დან 4 მაჩვენებელში გაუმჯობესდა:
მთავრობის ზომა (6,92 ქულა, დაწინაურდა 0,68 ქულით); მყარი ვალუტა (9,03 ქულა, დაწინაურდა 0,23 ქულით);
საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (8,52 ქულა, დაწინაურდა 0,02 ქულით);
რეგულაციები (7,89 ქულა, დაწინაურდა 0,27 ქულით). რეიტინგში პირველ ადგილზე ჰონკონგი, ხოლო ბოლოზე ვენესუელა იმყოფება. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინ-დექსს ფრეზერის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს. ანგარიში მოიცავს მსოფლიოს 152 ქვეყანას.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ზომავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას ხუთი ძირითადი სფეროს მიხედვით: მთავრობის ზომა, სამართლებრივი სტრუქტურა და საკუთრების უფლების დაცვა, მყარი ვალუტა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები.
აღნიშნული ხუთი სფერო 24 კომპონენტს მოიცავს. ამ კომპონენტების უმრავლესობა დაყოფილია კიდევ რამდენიმე ქვე-კომპონენტად. საერთო ჯამში, ინდექსი 42 სხვადასხვა ცვლადს აერთიანებს.