გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთის ინიციატივით მიმდინარეობს, განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების შეყვანის მოთხოვნით ვიქტორ იანუკოვიჩმა ვლადიმერ პუტინს პირადად მიმართა.
"როგორც უკრაინის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ მაიდანზე განვითარებული მოვლენები და ხელისუფლების უკანონო მიტაცება მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა.
ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება და უფლებები უკრაინაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთში და ყირიმში საფრთხის ქვეშ დგას. ღია ტერორი და ძალადობა დასავლეთის ქვეყნების ხელშეწყობით მიმდინარეობს, ადამიანებს პოლიტიკური და ენობრივი ნიშნით დევნიან.
ამასთან დაკავშირებით მივმართავ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თხოვნით, რომ გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები კანონიერების, წესრიგის აღსადგენად და უკრაინის მოსახლეობის სტაბილური ცხოვრების დასაცავად," - ნათქვამია წერილში, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩმა ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა.
ვიტალი ჩურკინმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს იანუკოვიჩის მიმართვის ასლი აჩვენა.