საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ამ ეტაპზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავს. როგორც ჟურნალისტებთან ბაქრაძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, თუ გამოიკვეთა პროცესის მიმდინარეობისას პოზიტიური ცვლილებების აუცილებლობა, ცხადია, ,,ნაცმოძრაობა" მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს.
,, ამ ეტაპზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. რაც შეეხება გრძელვადიანი ცვლილებების აუცილებლობას ისევ ვიმეორებ, კომისია ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეიქმნა და ინტერესით დაველოდები მათ ხედვას, თუ საით აპირებენ პროცესის წაყვანას. თუ შევთანხმდით პოზიტიური ტიპის ცვლილებებზე, რა თქმა უნდა, პროცესის მონაწილე ვიქნებით და მხარს დაუჭერთ, ხოლო თუ ხელისუფლება ეცდება პროცესი წაუყვანოს, ნეგატიური, ან კონსტიტუციის გაუარესების მიმართულებით - მაშინ იმედი მაქვს, რომ ჩვენც და ყველა პოლიტიკური პარტია ამას შეეწინააღმდეგება ისე, როგორც ეს ხდებოდა საარჩევნო კოდექსთან და თვითმმართველობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქორთიარდ მარიოტში" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, რომლის მიზანია კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება.