დღეს, 3 მარტს 12:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, რომლის მიზანია კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება.
კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში შედიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის ექსპერტები. კომისიის შემადგელობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.