საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ევრომაიდანზე შეკრებილებს მიმართა, სადაც სახალხო ყრილობა მიმდინარეობს, ლოზუნგით "ყირიმი უკრაინაა".
"მე უკრაინაში არ დავბადებულვარ, მაგრამ პიროვნებად აქ ჩამოვყალიბდი. პირველივე წუთიდან, როდესაც უკრაინის მიწაზე დავდგი ფეხი 17 წლის სტუდენტმა, როცა პირველად დაველაპარაკე უკრაინელებს, მახსოვს, მათ მაშინვე დამავიწყეს, რომ უცხო ვიყავი. მე ერთ-ერთი მათგანი გავხდი. ამ თვისებას თქვენ ვერავინ წაგართმევთ. ამიტომ უკრაინის გაყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად - ეს კრემლის ბებერი პროპაგანდისტების მიერ მოგონილი სისულელეა. ეს შესაძლებელი იყო ტოტალიტარულ სისტემაში, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ხალხმა ყველაფერი იცის, ვერავინ გაყიდის ამ ტყუილს, თითქოს უკრაინაში ექსტრემისტები და ნაციონალისტები არიან. თქვენ ყველაზე მშვიდობისმოყვარე და ცივილიზებული ერი ხართ, რომელიც კი ვიცი. თქვენ ყველაზე კულტურული ერი ხართ, ბარბაროსები კი აღმოსავლეთით და მთელი თავისი ბარბაროსული რეჟიმით ვერ გაგყოფენ თქვენ. მე კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს. ის ძლიერია იქ, სადაც სხვები საკუთარ სისუსტეს აჩვენებენ, ის უტევს იქ, სადაც სხვები უკან იხევენ. ვლადიმერ პუტინი მამაცია იქ, სადაც სხვები მშიშრები არიან, მაგრამ მშიშრები არ არიან აქ. ამიტომ აქ არის ერთიანობის დრო - დრო იმის, რომ უკრაინის ყველა ერი დადგეს ერთად, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, იმიტომ, რომ არ არსებობს საცხოვრებლად უკეთესი ქვეყანა, ვიდრე ევროპული უკრაინაა. არსებობს წუთები, როცა მოგეჩვენებათ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი ბრძოლა. ეს არა მხოლოდ თქვენი მომავალია, არამედ ჩვენი და მთელი მსოფლიოს მომავალია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.