ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი აკსენოვმა ძალოვანი სტრუქტურები დროებით დაიქვემდებარა და რუსეთის პრეზიდენტს დახმარება სთხოვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აკსენოვის მიერ ვლადიმერ პუტინისათვის გაგზავნის მიმართვაში ნათქვამია, რომ მიუხედავად შეთანხმებებისა, რომლებსაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიაღწიეს და რომელიც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე ძალოვანის სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების დანიშვნას არ ითვალისწინებს, გუშინ ყირიმის მილიციის უფროსის თანამდებობაზე ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა მაინც განხორციელდა.
„აღნიშნული დანიშვნა და ასევე ავტონომიის ტერიტორიაზე გაურკვეველი შეიარაღებული პირების ყოფნა, ასევე სამხედრო ტექნიკის არსებობა რესპუბლიკის ტერიტორიაზე არეულობებს წარმოშობს" -წერს აკსეროვი და პუტინს აუწყებს, რომ ძალოვანი სტრიქტურები მან დროებით თავის თავს დაუქვემდებარა.
ამასთან ერთად აკსენოვი ვლადიმერ პუტინს ყირიმის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებისათვის დახმარებას სთხოვს.
„მივმართავ პრეზიდენტ პუტინს გაგვიწიოს დახმარება ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენისა და უზრუნველყოფის საკითხში",_ წერს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელი.