კარტოფილის იმპორტი თითქმის 3-ჯერ შემცირდა. „საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოში 10 ათას 165.1 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა, რაც 66 %-ით ნაკლებია 2012 წელს საქართველოში შემოტანილი კარტოფილის მოცულობასთან. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელს საქართველოში უცხოური ბაზრებიდან 30 ათას 163.2 ტონა კარტოფილი შემოვიდა.
2013 წელს საქართველოსთვის ნომერ პირველი კარტოფილის იმპორტიორი სომხეთი გახდა, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს ტიტული თურქეთის საკუთრება იყო.
2013 წელს სომხეთიდან საქართველოში 6 ათას 79.3 ტონა კარტოფილი შემოვიდა. 2012 წელს კი ყველაზე მსხვილი საიმპორტო ბაზრიდან, ანუ თურქეთიდან 23 ათას 240.8 ტონა კარტოფილის იმპორტია განხორციელებული.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოში 1 მლნ 866 ათას 500 დოლარის ღირებულების კარტოფილის იმპორტი განხორციელდა, 2012 წელს კი 6 მლნ 570 ათას 900 დოლარის ღირებულების.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში კარტოფილის ფასმა დაახლოებით 51 თეთრით მოიმატა, რადგანაც 2012 წლის იანვარში 1 კგ კარტოფილის საშუალო ფასი 1.01 ლარს შეადგენდა, 2012 წლის დეკემბერში - 0.75 ლარს, 2013 წლის იანვარში - 0.77 ლარს, ხოლო 2013 წლის დეკემბერში 1.52 ლარს.
რას უკავშირდება კარტოფილის იმპორტის შემცირება უცნობია, თუმც გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2013 წელს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს აქტიური მუშაობის შედეგად ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადებული კარტოფილის შემოტანა აღიკვეთა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში კარტოფილის ადგილობრივი წარმოება 200 ათას ტონას აჭარბებს. 2012 წელს კარტოფილის ადგილობრივმა წარმოებამ 252 ათასი ტონა შეადგინა, 2013 წლის დაზუსტებული მაჩვენებლები კი ჯერჯერობით არ არსებობს.
2012 წლის დასაწყისში არსებული მარაგის (73 ათასი ტონა), ადგილობრივი წარმოების (252 ათასი ტონა) და იმპორტის (დაახლოებით 30 ათასი ტონა) სულ კარტოფილის რესურსმა ქვეყანაში 2012 წლისთვის 355 ათასი ტონა შეადგინა. 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე კარტოფილის მოხმარებამ საშუალოდ 52 კგ შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2013 წელს საქართველოდან 9 ათას 980.5 ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, 2012 წელს კი საქართველოდან საზღვარგარეთის ბაზრებზე 350 ტონა კარტოფილი გადაიზიდა.