"მზე შინა და მზე გარეთა" - ანუ, ჩვენ ვეძებთ მზეს...
მზე ჩრდილოეთიდან არ ამოდის, და თუ "ამოდის" ის მზე არაა
(უმისამართო ბარათი, წერილი მეცამეტე)
ვეძებთ და ვეძახით - ჩურჩულით, ფეხაკრეფით, თითისწვერებზე შემდგარები...
მზე შინ არ არის, არც გარეთ(!)
ვეძებთ და ვეძახით - მუდარით, ყელგამოწეულები და ნაბიჯს ვუჩქარებთ...
მზე მაინც არ სჩანს, არც შინ, არც გარეთ(!)
ვეძებთ და ვეძახით - ხმის ჩახლეჩამდე, გულის ღალატამდე, სხეულის დაღლამდე...
მზე არსად არის, არც შინ, არც გარეთ(!)
ჩვენ ვეძებთ მზეს...
* * *
არადა, ვიცით - სადღაც აქ უნდა იყოს, ახლოს, ან შორს...
არადა, გვახსოვს - სადღაც აქ იყო, შორიახლოს...
სამყარო გაიყინა და ჩვენც გავიყინეთ. ჩვენ გავიყინეთ და სამყაროც გახდა ყინულის.
ნაცრისფერი ცის ქვეშ, თველებზე ნაცარშეყრილები, თავზე ნაცარდაყრილები, ნაცრად ქცეულ მიწაზე დავაბიჯებთ და მზეს ვეძებთ.
მზე ჩრდილოეთიდან არ ამოდის, არც სამხრეთიდან, არც დასავლეთიდან...
და თუ "ამოდის" ის მზე არაა(!)
* * *
ეს უკვე ვიცით, მაგრამ მაინც გვინდა ვიყოთ "მაშასადამეს" ნაწილები.
"მე ვარ ქართველით" - ვერ ვასრულებთ წინადადებას.
ვერც ჩვენს ცხოვრებას ვერ ვიწყებთ და ვერ ვასრულებთ ამ სამი სიტყვით...
არცა სამება, არც ათი მცნება, არც ორი სიბრტყე არ "გვებევრება"...
რაღაცას ვეძებთ მიწისა და ცის მადლის იქეთ, "მაშასადამე" ვკარგავთ იმას, რაც გაგვაჩნია(!)
... და მზეც დავკარგეთ...
რადგან მზესაც თავისი "სული" აქვს, თავისი "გული" და "სხეული"...
და მზემაც "იცის", რომ მის ვექტორს უფალი საზღვრავს...
მზეს უნდა სთხოვო, რომ გაგათბოს, დღე გაგითენოს, გზა გაგინათოს...
მზეს "უკარნახე"?... მზეს "დააძალე"?.. მზე "დაიბრიყვე"?...
სასაცილოა!.. გაიყინები, სიბნელეში გზას ვერ გაიგნებ!... დაიღუპები!..
* * *
მზემ მიგვატოვა...
მზე თავისით არ "წავიდობა", ვერ გავუფრთხილდით...
ყოველი სხივი დაკარგულია, თუკი სული კუპრში გაქვს და კუპრზე გაცვალე(!)
ყოველი სხივი დაკარგულია, თუკი გული ყინულისა გაქვს და არ გინდა რამემ გაგალღვოს(!)
ყოველი სხივი დაკარგულია, თუკი გონება ნათელს არ ეძებს და ბნელში ცხოვრობს(!)
მზემ მიგვატოვა, რადგან სამყარო უმადურებს ძნელად გვპატიობს...
* * *
ჩვენ ვეძებთ მზეს.
ჩვენ ცოტანი ვართ და ჩვენი ხმა მზემდე ვერ აღწევს...
ჩვენ ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მზისქვეშეთში მზის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებთ... და ჩვენ ვწუხვართ იმათ მაგივრად, ვისაც ჰგონია, რომ მზეს "იბრიყვებს"(!)
ვისაც ჰგონია, რომ მზეს "გაწრთვნის", ანდა "უბრძანებს"...
ვისაც ჰგონია, რომ მზის ნაცვლად ის "გაგვინათებს"...
ვისაც ჰგონია, რომ მისი ბნელი მზის ნათელსა სჯობს...
ვისაც ჰგონია, რომ მზე იქედან ამოდის მხოლოდ საიდანაც "ვიღაც" უღიმის... და მზეც იქ ჩადის, საიდანაც სხვა ებღვირება(!)
* * *
ჩვენ დავიბადეთ მზის სხივებით ნათელ მიწაზე...
ჩვენ დავიბადეთ მზე შინასა და მზე გარეს მადლით...
ჩვენ დავიბადეთ და მზის სხივებს გავყევით ლანდად...
ჩვენ დავიბადეთ და მზემ ჩვენს გულში დაიდო ბინა...
ჩვენ დავიბადეთ, მზემ გაგვათბო, მზემ გაგვინათა...
...და ჩვენმა მზემ დედის ფიცში "გადაინაცვლა"...
ჩვენ დავიბადეთ მზისქვეშეთში, მზით გამთბარი კერიის ახლოს... ფუძის ანგელოზს ახარებდა ეს დაბადება...
დედა მღეროდა "იავნანას" და მზე შინასას...
მამალი ყივის, მზეც შინაა, მამაც შინაა...
ჩვენ დავიბადეთ მზის სხივებით, მზის გულზე და მზისვე ნათელში...
ჩვენს დაბადებას მოჰყვა ნატვრა მზეგრძელობისა...
მაგრამ დღეგრძელებს მზე გვაკლია...
ჩვენ მზე დავკარგეთ!!!
* * *
და ჩვენ მზეს ვეძებთ - როგორც ნათელს და როგორც სითბოს...
ჩვენ მზის ღიმილი მოგვნატრებია...მზის აკვანი და მზის გულიც, რაღაცით, რომ დედის გულსა ჰგავს, დედის ხელის გულს...
ის სითბო და ის ნათელი მოგვნატრებია, ეკლესიის სარკმელიდან შემოფრქვეულ მზის სხივს რომ ახლავს...
და იმის განცდაც მოგვნატრებია, ბნელი დერეფნის დასასრულთან ნათელს რომ ველით...
ჩვენ მზე წაგვართვეს, დაგვიბნელეს, ჩამოგვიფასეს...
"სუფთა ხელების" ფასიც ალბათ ჩალის ფასია, თუკი ამ ხელებს მზე არ ათბობს, მზეს არ გაუშვერ(!)
თუკი ამ "ხელებს" ზეყანის და ქვეყანის მადლი არ ასაზრდოებს; თუკი ამ ხელებს გარჯაში და შრომაში არ ღლი; თუკი ამ ხელებს არც სანთალის და არც ხმალის დაჭერა არ სურს, არ შეუძლია; ასეთ "სუფთა ხელს" ცარიელი ხელები ჰქვია და გაიშვირე საითაც გინდა, და გაიშვირე ვისკენაც გინდა(!)
"სუფთა ხელები" მზის სხივებმა თუ არ გაგითბეს, ხელებმა - გული, გულმა - გონი, თუ არ გაგითბო; თუ მზის სხივებმა შენს სულამდე ვერ მოაღწიეს და ბნელში თუ დგას შენთვის ახლაც მთელი სამყარო, გაიშვირე საითაც გინდა ეგ "გაყინული", ეგ " ცარიელი", "სუფთა ხელები" !!!
და ჩემს ხელებს - მზის საძებნელად წასულებს და მზისკენ გაწვდილებს - ტაშს ნუღარ მოსთხოვ!!!
* * *
ჩვენ მზე დავკარგეთ და მზესვე ვეძებთ...
ვეძებთ ნათელს და არ გვინდა ბნელში... ჩვენ გვინდა სითბო, რომ ყინულის ლოდები გალღვეს, გაყინული გულები გალღვეს, გაყინული ტვინები გალღვეს... და გზა გამოჩნდეს!
მამალი ყივის, მზე კი არასჩანს...
სამჯერ კი არა, მესამასე ტყუილსაც ვასწრებთ...
უარი ქრისტეს - "შიშველი", თუ "ბინძური" ხელით რა ბედენაა(?)
ჩვენ დავიბადეთ მზეგრძელობის დიდი იმედით და დავიკარგეთ დღეგრძელობის "ლაბირინთებში"... ამასობაში მზე დავკარგეთ, მზემ მიგვატოვა, აღარც შინაა და აღარც გარეთ, მზე მზის ნათელით...
ნაცრისფერ ცის ქვეშ, ნაცარშეყრილ მზერას ისევ ბნელეთს ვუშტერებთ და ნაცრის იქეთ ვერფერს ვხედავთ ჩვენს წინ მიწაზე(!)
* * *
ჩვენ მზე დავკარგეთ, მზის საძებნად გაგვიწევია!
ვინ ხართ, სადა ხართ, რამდენნი ხართ, მზეზე გამოდით...
თუ გეშინიათ, მანდ დარჩით და ის "დაიცავით", რაც არ იცით რა არის და არც გაგაჩნიათ(!)
"შიშველი ხელი" გაიშვირეთ საითაც გინდათ... საითაც გინდათ გაიღიმეთ და გაიქეცით...
თუკი შეგცივდათ და მზის სითბო არაფრად გიღირთ, ქურქი ჩაიცვით(!)
და ბნელშიც თუკი ისე ზიხართ, როგორც ნათელში, მზის საძებნელად ნუ გამოგვყვებით(!)
ეს დაძახილი თქვენ არ გეხებათ(!)
მზეს ის ეძებს ვინც მზე დაკარგა, ვისაც მზე ჰქონდა!...
* * *
...მზის იმედები, ცის იმედები, იმედი კაცთა...
დავაგვაინეთ მეგობრობა წიქარა ხართან(!)სს
ჩვენ მზე დავკარგეთ, მზის საძებნედ გაგვიწევია! ..
ვინ ხართ, სადა ხართ, რამდენნი ხართ, მზეზე გამოდით!...
ყოველი სხივი დაკარგულია, თუკი სული კუპრში გაქვს და კუპრზე გაცვალე(!)
ყოველი სხივი დაკარგულია, თუკი გული ყინულისა გაქვს და არ გინდა რამემ გაგალღვოს(!)
ყოველი სხივი დაკარგულია, თუკი გონება ნათელს არ ეძებს და ბნელში ცხოვრობს(!)
მზე ჩრდილოეთიდან არ ამოდის, არც სამხრეთით, არც დასავლეთიდან...
და თუ "ამოდის" ის მზე არაა(!)
მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო...............
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი