საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოლტ ნემეტთან გამართა.
უნგრეთის სახელმწიფო მინისტრმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოლტ ნემეტმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას უნგრეთში სტუმრობისთვის.
,,ვიცით, რომ ძალიან ბევრი სირთულე გადაიტანეთ ბოლო წლის განმავლობაში და ამის ფონზე კიდევ უფრო დასაფასებელია ვილნიუსის სამიტზე მიღწეული წარმატება. მინდა, კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ, რომ უნგრეთი საქართველოს სანდო და დიდი ხნის მეგობარია",-განაცხადა ჟოლტ ნემეტმა.
უნგრული მხარე დაინტერესდა საქართველოს ხელისუფლების იმ გეგმებით, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე აპირებს. უნგრეთის სახელმწიფო მინისტრმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ლონდონის ნატოს სამიტსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. ჟოლტ ნემეტმა განაცხადა, რომ უნგრეთი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ურთიერთობების გარდა აუცილებელია ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უნგრეთსა და საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება.
,,გვსურს, თქვენთან ერთად განვიხილოთ არსებითი მნიშვნელობის საკითხები. თქვენგან გვინდა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, როგორ გავიაროთ ეს არც თუ ისე იოლი გზა",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დელეგაციის წევრები უნგრეთის პარლამენტის სხდომას საპატიო სტუმრების სტატუსით დაესწრნენ.
ქართული დელეგაციის წევრებს სხდომის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები მიესალმნენ.