13 თებერვალს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებბეზე და ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის თემებს შორისაა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და მათი განხორციელების გზები, საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობა და მისი საკანონმდებლო ასპექტები.
კონფერენციის ორგანიზატორებია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) ევროკავშირის ხელშეწყობით.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მონაწილეებს მიესალმებიან გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე - დონალდ ბისონი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ელჩი ფილიპ დიმიტროვი, და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მანანა კობახიძე.