თბილისის საკრებულოს უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოს ფრაქციების მიერ ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელ შენიშვნებს ეხმაურება.
როგორც ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - ჩვენი ქალაქის" თავმჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა აღნიშნა, შენიშვნების ნაწილი მართლაც საქმიანია, ნაწილი კი რეალობას სცილდება.
"უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს თბილისის ბიუჯეტს ვერ ავკიდებთ და მითუმეტეს ვერ მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ფედერალური ბიუჯეტის გადასაწყვეტია. თუ ვინმეს არ სურს ამის გათვალისწინება, საბაბი და მიზეზი არ გამოილევა.
დანარჩენს გვაჩვენებს დღევანდელი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ხვალინდელი საკრებულოს სხდომები. იმედს ვიტოვებ, რომ მივალთ გონივრულ გადაწყვეტლებამდე და დედაქალაქს არ დავტოვებთ ბიუჯეტის გარეშე", - განაცხადა ლაშა იმედაშვილმა.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის" თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი ოპონენტი კოლეგებისგან კონკრეტულ წინადადებებს ითხოვს და განმარტავს, რომ საკრებულოს უმრავლესობის მიერ წარდგენილ შენიშვნებში არ არის ჩაშლილი თუ რომელი პროექტები უნდა შეჩერდეს ან რომელი მათგანიდან უნდა განხორციელდეს თანხების გადანაწილება.|
,,ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სურვილები, რომელიც გამოხატეს საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციებმა. იმედი გვაქვს, ჩვენი ოპონენტი კოლეგები დღევანდელ კომისიის სხდომაზე კონკრეტული წინადადებებით შემოვლენ და დაასაბუთებენ თუ რომელი პროგრამების ხარჯზე უნდა განხორციელდეს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ბუნებრივია დედაქალაქის მერია ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეს, რადგან, ვერც სოციალური და ვერც ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება თანხების ამოღება.
სურვილი ბუნებრივია დიდია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიუჯეტი უკვე გაწერილია და ის 785 მილიონ ლარს შეადგენს",- განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა და დასძინა, რომ ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს უმრავლესობის მიერ წარდგენილი შენიშვნების დიდი ნაწილი ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს განსახორციელებელ პროექტებს ეხება.
მასალის გამოყენების პირობები