რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვიქტორიას სასახლეში რუმინეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს გაბრიელ ოპრეას შეხვდა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს შეხვედრის მთავარი თემები უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხები იყო. რუმინულმა მხარემ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისადმი.
,,ნატოს მომავალ სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს საკითხისადმი და სწორედ ვიცე-პრემიერია ის პირი რუმინეთის მთავრობაში, რომელიც ამ საკითხებს კურირებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ დაპირება იმის თაობაზე, რომ რუმინეთის პოზიცია ურყევია და საქართველოსთან ურთიერთობას პრიორიტეტულად მიიჩნევენ. ცხადია, ჩვენ შევეხეთ სხვა თემებსაც - ესაა მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაცია და მომავალი სხვა შესაძლო თემები და საკითხები, რომელშიც ჩვენ ერთიანი პოზიციით გამოვალთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ საკითხებს. არსებობს კონკრეტული იდეები და პროექტები, რომლებიც ძალიან მალე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მსჯელობის საგანი გახდება. ევროპასთან დაახლოებას ჩვენ უპირველესად სწორედ იმითი ვიგრძნობთ, რომ ევროკავშირის იმ ქვეყნებთან ურთიერთობა გააქტიურდება, რომლებიც საქართველოს შავი ზღვის მეორე მხრიდან ესაზღვრებიან. ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ და ვიგრძნობთ ამ კუთხით დადებით, სასიკეთო შედეგებს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღესვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მორიგი შეხვედრები გამართა რუმინეთის პარლამენტში. დავით უსუფაშვილი შეხვდა რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანკა ბოაგიუს, რუმინეთის სენატის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, კორნელიუ დობრიტიუსა და რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, იონ მოკიოალკას. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციასა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
შეხვედრებს ესწრებოდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები: რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი პაატა ბარათაშვილი, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი წერეთელი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე.