კულტურისა და ძეგლთა დაცვის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე მარინა მიზანდარი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრებას გეგმავს. როგორც საკითხის კომენტირებისას მიზანდარმა განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან კონსულტაციების შემდეგ იგი სასამართლოს მიმართავს.
,,ნამდვილად შემეძლო ქვეყნისთვის სასარგებლოდ მემუშავა და გამეგრძელებინა უამრავი წამოწყებული საქმე. ვფიქრობ, სამინისტროდან ჩემი წასვლა საქმისთვის საზიანო იქნება და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, ან თავს ვიფასებ, მაგრამ პროფესიული კადრებით არ არის განებივრებული ასეთი უწყებები, მითუმეტეს, კულტურის სფერო, რომელიც საკმაოდ ფაქიზი სფეროა",- განაცხადა მიზანდარმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას მოთხოვნა დააკმაყოფილა და მისი მოადგილე მარინა მიზანდარი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ, აღნიშნულია ღარიბაშვილის ბრძანებაში, რომელიც 10 თებერვლით თარიღდება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით გათავისუფლდეს მარინე მიზანდარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე", _ნათქვამია ღარიბაშვილის ბრძანებაში.