ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება, რაზეც მისი საექსპორტო მაჩვენებლებიც მოწმობს. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტირებულია 35,905,939 ლიტრი ღვინო, მაშინ როდესაც 2012 წელს ქვეყნიდან გატანილია 20,213,418 ლიტრი ღვინო. შესაბამისად, 2013 წელს ღვინის ექსპორტი, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 77,6 %-ით. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს ექსპორტირებული ღვინის 43 %-ი სწორედ, რომ რუსეთზე მოდის.
„საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წელს რუსეთში იმპორტირებულია 15,513,445 ლიტრი ქართული ღვინო, მაშინ როდესაც 2012 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია 374 ლიტრი ღვინო.
რუსეთის გარდა ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია ასევე უკრაინა და ყაზახეთი. როგორც ირკვევა, 2013 წელს საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებულია 9,879,008 ლიტრი ღვინო, ყაზახეთში კი - 3,515,655 ლიტრი ღვინო.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოდან 127,850.9 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანეს, 2012 წელს კი - 64,871.4 ათასი დოლარის ღირებულების.