ვიცე-პრემიერი კახა კალაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას პოზიტურად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს.
კალაძის განცხადებით, მხარეებს შორის დიალოგი აუცილებლად უნდა დაიწყოს.
"რაც შეეხება პუტინის განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო განცხადება იყო გაკეთებული მისი მხრიდან. მოგეხსენებათ, ჩვენ მთავრობის ხედვა არის ის, რომ მთავარია შედგეს დიალოგი. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ დემარშებზე, რომელსაც ახორციელებდა წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" და რა მივიღეთ ამისგან 2008 წელს, ყველამ კარგად ვნახეთ მივიღეთ შეშფოთებული, აღშფოთებული ევროპა და დაკარგული ტერიტორიები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარალელურად იმისა, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროპისკენ, მნიშვნელოვანია დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ამისთვის მნიშვნელოვანია მთავრობამ, ქვეყანამ შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რაც წლების წინ იყო და მნიშვნელოვანია კონსტრუქციულობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ამ მიმართულებით მივაღწევთ წარმატებას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერობების დალაგება ადვილი არაა. ეს ცოტა გრძელვადიან პერსპექტივად მიმაჩნია, თუმცა დიალოგის დაწყება და გარკვეული პრობლემების მოგვარება, შესაძლებელია. ეკონომიკური კუთხით გარკვეული წარმატებული ნაბიჯები იქნა გადადგმული. თვითონ განცხადებას რაც შეეხება, შეხვედრა უნდა შედგეს არა მარტო პრეზიდენტთან, არამედ პრემიერ-მინისტრთანაც და ამისთვის ჯერ მნიშვნელოვანია გარკვეული სამუშაოები შედგეს, რადგან მოგეხსენებათ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს, მაგრამ დიალოგი უნდა დავიწყოთ, რათა ურთიერთობები დავარეგულიროთ", - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საქართველოს პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, მზად არის, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს, - ამის შესახებ პუტინმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა.