პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას ეხმიანება. როგორც საკითხის კომენტირებისას უსუფაშვილმა განაცხადა პარტნიორებს, ესმით, რომ ნატოში ინტეგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
,,ჩვენს რუმინელ კოლეგებთან საუბრის ძირითადი თემაც სწორედ საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაა. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა და ამერიკელი კონგრესმენების ეს პოზიცია საკმაოდ მკაფიო და ნათელია. საქართველო 2014 წლის ნატოს სამიტიდან პროგრესს ელის. ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრ ქვეყნებს ესმით, რომ ნატოში ინტეგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ნატოსთან დაახლოება ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის, შესაბამისად ამერიკელი კონგრესმენების ეს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. კონგრესმენების მსგავსად, მხარდაჭერას გვიცხადებენ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყნის პარლამენტის წევრები. ამიტომ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ამ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილების მომწიფების შედეგად გაირკვევა", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ნატო-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ და მიესალმებიან აშშ-ს ძალისხმევას აღნიშნულ სამიტზე პრიორიტეტად გახადოს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივა.
კონგრესმენები მოუწოდებენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და ნატოსთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ.
„ჩვენ მოვითხოვთ მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია ჰერცეგოვინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას,"-ნათქვამია კონგრესმენების წერილში.
კონგრესმენების მოსაზრებით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, 25 წლის განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ შესძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. სხვადასხვა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად - რომელიც ხშირად ნატოს ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა - ჩატარდა რეფორმები და განხორციელდა ინიციატივები, რომლებმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას, ანგარიშვალდებული მმართველობის შექმნასა და კანონის უზენაესობას მილიონი ევროპელისთვის. ხოლო ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ნატო, როგორც ალიანსი და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რეგიონში სტაბილურობის გარანტი გახდა.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასპირანტი ქვეყნების აღნიშნული ჯგუფის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და გააძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში"-აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები.
ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებით უკრაინაში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ შესაძლოა რეგიონის ქვეყნებზე გარე ძალების მხრიდან მოხდეს ძლიერი ზეწოლა.
„შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა მიაღწიეს უკვე იმ კრიტიკულ წერტილს, როდესაც აუცილებელია იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც უზრუნველყოფს ნატოს მომავალ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას. ვუახლოვდებით რა 2014 წლის ნატოს სამიტს, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა მხარი დავუჭიროთ მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ხელი შევუწყოთ ბოსნია ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებს, მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების გზით. ჩვენ, ასევე, მზად ვართ ვიმუშავოთ თქვენთან ერთად, რათა ვუზრუნველყოთ რეგიონის სხვა ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება და შემდგომში მათი ალიანსში გაწევრიანება"- ნათქვამია კონგრესმენების წერილში.
წერილს ხელს 42 კონგრესმენი აწერს. აღნიშნული წერილის ინიციატორია კონგრესმენი მაიკლ ტერნერი.