ბათუმის ცენტრში სასტუმროს კომპანია „მეგაპალასი" ააშენებს. კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის ბოლოს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ 1767 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ობიექტში, რომელიც განმეორებით აუქციონზე 30 %-იანი ფასდაკლებით იყიდებოდა, „მეგაპალასმა" 610 ათასი ლარი გადაიხადა. აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება კი 595 ათასი ლარი იყო.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვა აიღოს. ხოლო მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 თვის ვადაში მინიმუმ 70 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობის დაწყოს. პირობების მიხედვით, ინვესტორმა სასტუმროს მშენებლობა, მშენებლობის დაწყებიდან 36 თვის ვადაში დაასრულოს.
სასტუმროს მშენებლობაში კი ინვესტორმა, აუქციონის პირობების მიხედვით, მინიმუმ 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს. ინვესტორი ვალდებულია ასევე, სასტუმროს ამოქმედებიდან 10 წლის ვადით, ობიექტს პროფილი შეუნარჩუნოს, სადაც დასაქმებულთა 90%-ს საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეადგენდნენ.