საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს (EUGBC) წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სახემწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს შეხვედრაში ადგილობრივი, რეგიონული და ევროპული კომპანიების 40-მდე ხელმძღვანელმა პირმა მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო მინისტრმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის დინამიკაზე ესაუბრა. ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებზე. აღინიშნა ბიზნესისათვის აქტუალურ თემები. კერძოდ, საქართველოს მიერ ევროკავშირის იმ რეგულაციებისა და მოთხოვნების შესრულება, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნული შეთანხმებით.
„საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოსთან შეხვედრა, პრაქტიკულად, უკვე რეგულარულ ხასიათს იღებს. ბიზნესის ჩართულობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ბრიუსელში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი იქნება ბიზნესმენების ინფორმირება ამ ვიზიტის შედეგების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად, კოორდინირებულად, ბიზნეს თანამეგობრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან ერთად წარმატებულად განვახორციელოთ კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც აამაღლებს ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირებულობას, თუ რას ემსახურება ასოცირების შეთანხმება, რას წარმოადგენს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონკრეტული თავები და რა კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან გათვლებში ასოცირების შეთანხმების ამოქმედება. საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და შესაბამისად, ბიზნესი უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთამაშე ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული პროცესის განხორციელებაში"_განაცხადა პეტრიაშვილმა.