დღეს, 7 თებერვალს, 11:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში" „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი" (GISS), საქართველოს სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საექსპერტო საზოგადოების მონაწილეობით გამართავს მრგვალ მაგიდას თემაზე: „ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები".
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დაესწრონ მრგვალი მაგიდის გახსნას.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტიდან" აცნობეს ბოლო პერიოდში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოსთვის მნივშენლოვან ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების დროულ ვადებში შესრულება. მრგვალი მაგიდის მიზანია, დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე ჩატარებული კვლევის შედეგები, წარუდგინოს მათ შემუშავებული რეკომენდაციები და შესთავაზოს თემის გარშემო დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
აღნიშნული კვლევა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი" (GISS) არის კვლევითი ორგანიზაცია (Think Tank), რომლის მიზანია უსაფრთხოების, კონფლიქტის გადაწყვეტის, ევროკავშირთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობების და რეგიონალური პოლიტიკის საკითხების ანალიზი, გაშუქება და კვლევა