საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც მარგველაშვილმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა სოჭში საქართველო იმ ქვეყნების გვერდით იდგება, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
,,ჩვენ არ შევწირეთ ოლიმპიური სულისკვეთება კონკრეტულ პრობლემებს, რომელიც პოლიტიკურ კონტექსტში დგებოდა. არ შევწირეთ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკურადაც სწორი გადაწყვეტილება იყო. მინდა ყველა დავარწმუნო, ვისაც ამ პროცესის პოლიტიზირება უნდა, პოლიტიკურად ოლიმპიადაში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილებაა. საქართველო სოჭში იდგება მსოფლიო თანამეგობრობის გვერდით, იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ტერიტორიის მთლიანობასა და ჩვენი საზღვრის ურყეობას", -განაცხადა მარგველაშვილმა.