მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში ვანო მერაბიშვილი მკვლელობას უკვეთავს.
"ჩვენ, ფაქტობრივად, გავხდით მოწმენი იმისა, თუ როგორ დაუკვეთა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ორი გვამის ორგანიზება, ორი ადამიანის ლიკვიდაცია. დანარჩენს გამოძიება დაადგენს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება უკვე დაიწყო და მე მოვუწოდებ პროკურატურას, რომ ძალიან მალე გაიხსნას ეს საქმე. მერაბიშვილი ამბობს, რომ ორი გვამი მომიტანეთ და პრემია იქნება. ეს არის ანგარებით მოტივირებული შეკვეთილი მკვლელობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.