მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული ვიდეომასალის შესახებ, რომელიც მუხროვანის ამბოხს ეხება.
"ძალიან გთხოვთ პოლიტიკაში საერთოდ ნუ ჩამრევთ. მე გითხარით რისთვის ვარ აქ. საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისთვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც. ეს, რაც აქ ხდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცები", განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშილმა.
Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის.
ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, ის ორ გვამში გულისხმობდა ორ რუს აგენტს, რომელიც ამბოხებულებს ეხმარებოდნენ და რომლებიც კვალის დაფარვის მიზნით თავად ამბოხებულებმა მოკლეს. როგორც მერაბიშვილი აცხადებს, მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები