საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემი დადანაშაულება უსაფუძვლოა, აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ფრანგული გამოცემა „პარიზიენისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბრალდებების მოტივაცია არის პოლიტიკური, რომელიც მიზნად ისახავს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დისკრედიტაციას. მათი სურვილია დაასუსტოს ოპოზიცია.
„როგორც კი ჩვენ წავაგეთ საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში მაშინვე ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მინისტრებისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა თუ ოფიციალური პირების წინააღმდეგ ბევრი სარჩელი შევიდა"- განაცხადა კეზერაშვილმა.
იქვე კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ არ არის ოლიგარქი და მას თანამდებობრივი პოზიცია და პოლიტიკური კავშირები ქონების დაგროვებისთვის არასოდეს გამოუყენები.
„პირიქით, როდესაც მე ვიყავი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი ჩემი როლი სწორედ კორუფციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მისი აღმოფხვრა იყო სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პრიორიტეტი. ჩვენი ეს ძალისხმევა 2004 წლიდან აღიარა მსოფლიო ბანკმა და არასამტავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობამ". საქართველო გამჭირვალობისა და კორუფციის რეიტინგში 133-ე ადგილზე იყო. ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებებით, საქართველომ 50-ე ადგილზე გადმოინაცვლა"- განაცხადა კეზერაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც მან 2008 წელს დატოვა მთავრობა გადაწყვიტა შეექმნა კომპანია, რომელიც კასპიიდან შავ ზღვამდე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას მოახდენდა.
„თუმცა მე პოლიტიკა არასოდეს დამიტოვებია. მე ვრჩები ერთგული და ძალიან აქტიური წევრი „ნაციონალური მოძრაობის" და ვემხრობი წავიდეთ არჩევნების გზით და მოვემზადოთ მომავალი არჩევნებისთვის"- განაცხადა კეზერაშვილმა.