საქართველოს ხელისუფლება რომს სთხოვს მიაქციოს ყურადღება იტალიის ერთ ერთი რეგიონის პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ინფორმაციას ამის შესახებ „იზვესტია" ავრცელებს.
„დაჟინებით გავუწევთ წინააღმდეგობას ადგილობრივი ხელისუფლების ამგვარ თვითშემოქმედებას, რომელიც რომთან არ არის შეთანხმებული",_ განაცხადა „იზვესტიასთან" საუბარში საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ.
აღსანიშნავია, რომ ეს სარდინიის მხრიდან ამგვარი „თვითშემოქმედების" პირველი შემთხვევა არ არის.
გასულ წელს ქალაქ საროკი ამ პროვინციიდან გაგრას „დაუძმობილდა".
აღსანიშნავია, რომ იტალიაში საქართველოს საელჩომ ქვეყნის საგარეო უწყებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა. მიზეზი ოკუპირებულ ცხინვალსა და იტალიურ ქალაქ- ლანუზეის შორის გაფორმებული ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შეთანხმებაა.
თუ ოფიციალურად დადასტურდება, რომ ხელშეკრულებები ნამდვილად გაფორმდა, საქართველოს დიპლომატიური მისია იტალიის საგარეო უწყებისგან შეთანხმებების გაუქმებას მოითხოვს.
ამავე ფაქტზე იტალიის ელჩი ხვალ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. იტალიურ ქალაქსა და ცხინვალს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ მედიით ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებულმა რეჟიმმა გაავრცელა.