საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე არჩილ შინჯიკაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხოლო, , 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ზურაბიანი მესამე ადგილისათვის ორთაბრძოლაში მოლდოველ ვადიმ ბოჩანს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩემპიონატის ფინალში შინჯიკაშვილი უკრაინის სახელით მოჭიდავე ქუჯაუ ნჰაბალთან 2 ვაზარით დამარცხდა.
პარიზულ ტატამზე ქართველმა ფინალამდე ოთხი მეტოქე: ვენესუელელი ჟოზე აგილარი, იტალიელი პაბლო ლუჩიანო ტომასეტი, სამხრეთ კორეელი დაე-ბონ კანგი და ესტონელი გრიგორ მინაშკინი ჩამოიცილა.
ზურაბიანმა ჭიდაობა კოლუმბიელი ფელიპე პინადას ძლევით დაიწყო, რასაც გერმანელი შტეფან ფრიდრიხის დამარცხებაც მიაყოლა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უკრაინელ ვიტალი პოპოვიჩთან დათმო შეხვედრა და რეპეშაჟში გადაერთო.
რეპეშაჯში ზურაბიანმა ჯერ პორტუგალიელი ჟორჟ ფერნანდესი ჩამოიცილა გზიდან, ბრინჯაოსათვის დაპირისპირებაში კი მოლდოველ სპორტსმენთან იმარჯვა.
ქართველთაგან 24 ოქტომბერს კიმონოები ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და სალომე წოწკოლაურმაც (70 კგ) მოირგეს, მაგრამ ორივე პირველსავე წრეში დამარცხდა. ჭრიკიშვილს აზერბაიჯანელმა რამინ გურბანოვმა აჯობა, წოწკოლაურს - რუსმა დარია დავიდოვამ.
დღეს, 25 ოქტომბერს მედლები ვაჟთა 100 და +100 და გოგონათა 78 და +78 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ღირსებას კი 3 ძიუდოისტი დაიცავს - შავლეგ ბერუაშვილი (100 კგ), უშანგი კოკაური +100 კგ) და ნინო ოძელაშვილი (78 კგ). სამივე მათგანი მეორე წრიდან ჩაერთვება ჩემპიონატში.