საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ- მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს უფროსი გიორგი პერტაია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალში.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი დაათვალიერებს ჰოლოკოსტის მუზეუმს და გვირგვინით შეამკობს იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს - "იად ვაშემი-"ს, იერუსალიმის ერების ხეივანში კი სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.