რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, დიმიტრი მედვედევსა და ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა დადებითად შეაფასეს ვენაში, ირანის საკითხთან დაკავშირებით დასრულებული კონსულტაციები.
"სატელეფონო საუბრისას, რომელიც ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა, ბარაკ ობამამ აღნიშნა რუსეთის მნიშვნელოვანი როლი კონსულტაციების პროცესში პოზიტიური შედეგების მიღწევისას", - იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, თავის მხრივ, დიმიტრი მედვედევმა მნიშვნელოვანი უწოდა ურანის კვლევითი რეაქტონისთვის აუცილებელი საწვავის გაცვლის თაობაზე წერილობითი გარანტიის გაცემის შესახებ აშშ-ის მზადყოფნას.
"პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ისაუბრეს სტრატეგიული შეტევითი იარაღის ახალი დოკუმენტის მომზადების შესახებ და კმაყოფილება გამოთქვეს ინტენსიური დიალოგით, რომელიც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის წარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე წლის დეკემბრისთვის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებასთან დაკავშირებით სრულფორმატიანი იურიდიული დოკუმენტის მომზადებას".
"ამ მიზნით გაიმართება დამატებითი კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, დიმიტრი მედვედევმა ბარაკ ობამას ნომელის პრემიის მინიჭებაც მიულოცა.