„ახალი მემარჯვენეები" ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან. როგორც პარტიის თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით საქართველო ბევრად ჩამორჩება დემოკრატიულ სახელმწიფოებს.
„ჩვენს ქვეყანაში წლების მანძილზე აქტუალურია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის თემა, რომლისთვისაც გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდა. თუმცა წლიდან წლამდე პრობლემა კვლავ აქტუალურია და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით ბევრად ჩამოვრჩებით დემოკრატიულ სახელმწიფოებს. სამი წლის წინ ,,ახალმა მემარჯვენეებმა" განვაცხადეთ და განვახორციელეთ კიდეც შიდაპარტიული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 2012 წლის საპარლამენტო და ყოველ მომდევნო არჩევნებზე პარტიულ სიებში ყოველი მესამე ქალი გვეყოლებოდა.დღეისთვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ფინანსურ წახალისებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის თვალსაზრისით, კონკრეტულად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს დანამატს 10%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20%-ით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ განსხვავებული სქესი 30%-ით არის წარმოდგენლი, ყოველ ათეულში - მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დაფინანსებაზე დანამატი უკვე 30% იქნება. „ახალი მემარჯვენეები" ვთვლით, რომ ქვეყანამ წინ უნდა იაროს ამ გზაზე და მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის საკანონმდებლო მხარდაჭერა", _განაცხადა ჩიხრაძემ.
მისივე განმარტებით, ახალი მემარჯვენეები" ინიციატივით გამოდიან რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება და პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკომენდაციოს ნაცვლად სავალდებულო გახდეს ყველა დონის არჩევნებისათვის ყველა საარჩევნო სიაში ყოველ 10 -ეულში ქალი კანდიდატი წარმოდგენილი იყოს მინიმუმ 20%-ით, პოლიტიკური პარტიების კანონით გათვალისწინებული 30%-იანი ფინანსური წახალისება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პარტიის კანდიდატთა ყოველ 10 -ეულში ქალი კანდიდატი წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით", _განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.