პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს პარალელურად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭოს შექმნაში პრობლემას ვერ ხედავს. როგორც საკითხის კომენტირებისას მარგველაშვილმა განაცხადა ღარიბაშვილს, როგორც მთავრობის მეთაურს უფლება აქვს ხელისუფლების ორგანიზება მისთვის ხელსაყრელი ფორმით მოახდინოს.
,,უშიშროების საბჭო რომელიც პრეზიდენტთან არსებობს გარანტირებულია კონსტიტუციით. ამავე დროს პრემიერ-მინისტრს რომელიც მთვრობას ხელმძღვანელობს, სრული უფლება აქვს მთავრობის ორგანიზების იმ ფორმატში, რომელიც მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში სირთულეს ვერ ვხედავ, რომ ერთის მხრივ შენარჩუნებული იყოს კონსტიტუციური ორგანო_პრეზიდენტთან სათათბირო ორგანო, ხოლო მეორე მხრივ პრემიერმა თავის კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზება მისთვის ხელსაყრელი ფორმით", _განაცხადა მარგველაშვილმა
მარგველაშვილის განცხადებით, იმ ფონზე როცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეიზღუდა და მას აღარ აკისრია აღმასრულებლის მოვალეობა, უშიშროების საბჭოს ფუნქიები, რომელიც სააკაშვილის დროს ჰქონდა შესაცვლელია.
,,კერძოდ ჩვენი ხედვა მდგომარეობს იმაში რომ კრიზის ოპერატიული მართვა სადაც მისაღებია აღმასრულებელი გადაწყვეტილებები, ასეთი ტიპის ორგანო უნდა არსებობდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ანუ პრემიერ-მინისტრთან და უშიშროების საბჭო უფრო გლობალური და სტრატეგიული საკითხებით უნდა იყოს დაკავებული. ამ საკითხებზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს", _განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გუშინ მთავრობის კანცელარიაში უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაესწრნენ.