სლოვაკეთის რესპუბლიკა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია და მომავალშიც განაგრძობს ამ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობას. სლოვაკეთის ხელისუფლების ეს პოზიცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა დაუდასტურა. სახელმწიფო მინისტრი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს ქ. ბრატისლავაში სამუშო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ალექსი პეტრიაშვილმა და მიროსლავ ლაიჩაკმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც ორმხრივი შეხვედრა შედგა დელეგაციების მონაწილეობით. მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, 2014 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა 2014-2017 წლებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კომუნიკაციის სტრატეგია. სლოვაკეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარებისა და მის განხორციელებაში მხარდაჭერის თაობაზე.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პეტერ ბურიანთან.
შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს უცვლელი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა სლოვაკეთის მზაობა ინტეგრაციის პროცესში აუცილებელი რეფორმების გატარების კუთხით ხელშეწყობის თაობაზე, მათ შორის სხვადასხვა სფეროში ექსპერტების გადამზადებისა და ურთიერთგამოცდილების გაზიარების კუთხით.
ხაზი გაესვა საქართველო-სლოვაკეთს თანამშრომლობის გაღრმავებისა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე სლოვაკური მხარის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში.
სლოვაკეთის რესპუბლიკიდან სახელმწიფო მინისტრი ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ალექსი პეტრიაშვილი შეხვედრებს გამართავს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან ელჩ მიხაელ ლინჰარტთან და ავსტრიის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მსვლელობისას, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა ვენის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც გაიმართება დისკუსია „საუბრები საქართველოზე-2014-ში ისევ გზაჯვარედინზე".