წინა ხელისუფლებასა და ბადრი პატარლაციშვილის ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებით, სპეციალური პრესკონფერენცია იუსტიციის სამინისტროში ბადრი პატარკაციშვილი ოჯახის წევრებთან ერთად ხვალ გაიმართება.
„იუსტიციის სამინისტროში ხვალ დილით გავმართავთ ბრიფინგს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, სადაც ხელშეკრულების ავთენტური ვერსია საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. მთავრობის სხდომაზე ვითხოვე შს სამინისტროს დახმარება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე განიზრახავს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დამოუკიდებლად დაარიგოს დოკუმენტები სოციალური ქსელებით თუ მეილებით, ეს ვერ იქნება ჩათვლილი ავთენტურ დოკუმენტად და ამგვარი ადამიანები გარკვეული ასლების მიმოქცევით დააზარალებენ ქვეყნის ინტერესებს, რადგან საქართველოს მთავრობა ვალდებულები ვართ სანამ პროცედურები არ იქნება დაცული ეს ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში კონფიდენციალურად შევინახოთ და ამ პრინციპს იცავს ოჯახი და ასეთია მხარეების პოზიცია", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირი ეცდება ხელშეკრულების ასლები გაავრცელოს, ასეთ შემთხვევაში შს სამინისტრო დაინტერესდება თუ ვინ არის ასეთი წყარო.