საქართველოს კონკრეტული შედეგის - მაპის მოლოდინი აქვს და იმ შემთხვევაში თუ ეს შედეგი არ დაიდო, მაშინ შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიკვეთოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტალინში, ესტონელ კოლეგა ენე ერგმასთან შეხვედრის შემდეგ.
უსუფაშვილის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ესტონეთი, არის დასტური იმისა, რომ საქართველო საგარეო მიმართულებით სწორ გზაზე დგას.
"საქართველო ბუქარესტის სამიტის დანაპირებს არ ივიწყებს და მიუხედავად იმისა, რომ დაკისრებულ მოვალეობებს ქვეყანა პირნათლად ასრულებს, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ ჩანს... საქართველოს კონკრეტული შედეგის - მაპის მოლოდინი აქვს და იმ შემთხვევაში თუ ეს შედეგი არ დაიდო, მაშინ შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიკვეთოს. ესტონელი მეგობრები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს შესწევს უნარი დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება და ეს არის ევროპული სტანდარტების მნიშვნელოვანი დემონსტრირება. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ესტონეთის მხრიდან ექნება მხარდაჭერა საგარეო ურთიერთობებში. უახლოეს თვეებში ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას და არავის უნდა მივცეთ საშუალება, ეს პროცესი შეაფერხოს - არც გარე და არც შიდა ძალებს. ასევე ნატოს სამიტიზე გვინდა მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ და ამით განვამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება", - - აღნიშნა უსუფაშვილმა.